კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გელათის საკათედრო ტაძარში არსებული ვითარებისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ გადაიბარა, მას არავითარი ინფორმაცია არ აქვს იქ არსებულ მდგომარეობაზე, შესაბამისად, პასუხსაც ვერაფერზე აგებს.
"ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ ჩვენ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად, იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს წელს ვიზიტს გელათში და მათი დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, იქ რა ხდება. მე მაქვს რწმენა იმის, რომ იქ ყველაფერი არის კარგად და იქნება საუკეთესოდ.
მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.
2022 წლის და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით ნიშნავს, “არ ვიცით” - ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ არ ვიცი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მისვამენ კითხვას და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს თავით, სისხლით და როდესაც არ ვიცი, არ ვიცი", - თქვა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა თქვა, რომ სასამართლოში გაასაჩივრებს ყველა საჯარო განცხადებას, "რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ რაღაცას ვაფუჭებთ გელათში".
"მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებსაც, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ", – განაცხადა წულუკიანმა.
გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ გელათის კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესზე ზედამხედველობას კულტურის სამინისტროსგან საპატრიარქო გადაიბარებდა. მანამდე, საპატრიარომ მკაცრად გააკრიტიკა გელათის რეაბილიტაციის პროცესი.