თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში შეხვედრის დროს განიხილავენ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა. იუწყება Reuters
პუტინის ვიზიტი თურქეთშ 12 თებერვალს არის მოსალოდნელი, რაც რუსი დიქტატორის პირველი ვიზიტი იქნება ნატო-ს წევრ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში.
ფიდანის განცხადებით, არსებობს მცდელობები უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების „ახალი მეთოდების“ მოძიებაზე.
„წინა მარცვლეულის შეთანხმება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ არის სხვა მექანიზმზე გადასვლის შესაძლებლობა და ახლა მიმდინარეობს ძალისხმევა ამ შესაძლებლობის დაკონკრეტებისთვის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ერდოღანი ამ საკითხს დააყენებს პუტინთან შეხვედრის დროს.
ამასთან, ფიდანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ გემს შეეძლო უკრაინული მარცვლეულის გატანა შავი ზღვიდან რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი.
„ჩვენ გვინდა ამ დე ფაქტო (ვითარების) გარკვევა ახალი მექანიზმის დახმარებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინამ მოახერხა ოდესის პორტების ოპერირების განახლება მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, რაც შესაძლებელი გახდა სამხედრო მოქმედებების წყალობით, კერძოდ, აგვისტოში რუსულ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად.
იანვრის დასაწყისისთვის, უკრაინის საზღვაო ძალების მიერ 2023 წლის აგვისტოდან შექმნილმა უკრაინის ახალმა საზღვაო დერეფანმა უზრუნველყო თითქმის 15 მილიონი ტონა პროდუქციის, მათ შორის 10 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.