ირაკლი კობახიძე უნიკალური ადამიანია საქართველოში მრავალმხრივი გამოცდილებით და ვფიქრობ, ამ მხრივ მისი ძალიან საინტერესო საქმიანობა გველოდება წინ, რადგან კარგად ახასიათებს დიდი სურათის სწორი ხედვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბეს“ განუცხადა.
„ხაზგასასმელია, რომ ირაკლი კობახიძეს აქვს პოლიტიკური მართვის იშვიათი გამოცდილება. რომ დავფიქრდეთ, რეალურად, ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც პოლიტიკური მართვის ასეთი გამოცდილება აქვს.ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა ცოდნა კონსტიტუციური სამართლის, რაც თავისთავად გულისხმობს პოლიტიკური სისტემის, ქვეყნის მოწყობის და მექანიზმის სწორ გაგებას. ამავე დროს, ეს არის ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ნულიდან ააწყო პარტია, რომელსაც ჰყავს 40 ათასი წევრი. 40 ათას წევრთან ურთიერთობა არ არის ურთიერთობა, რომელიც სამინისტროში ან სხვა უწყებაში შეიძლება იყოს. ესენი არიან პოლიტიკოსები, ყველანი საკუთარი წარდგენებით და იდეებით. პოლიტიკოსების მართვა უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე თუნდაც დიდი ორგანიზაციის, სადაც ყველაფერი იერარქიაზეა აწყობილი.
ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც, როგორც შტაბის მეთაურმა, წარმატებით ჩაატარა რამდენიმე დონის ეროვნული არჩევნები. ესეც არის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც იშვიათ ადამიანს აქვს საქართველოში. საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა, დაწყებული საარჩევნო პროგრამის შედგენიდან, რომელშიც ის არათუ მონაწილეობდა, არამედ ერთ-ერთი ავტორი იყო ხოლმე, ორგანიზაციული უზრუნველყოფაც იმისა, რომ ყველა დონეზე, რეგიონებში, რაიონებში ყველა მობილიზებული ყოფილიყო საარჩევნო შედეგისთვის. რამდენიმე წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ჩართული იყო ყველა ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხებოდა საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებს. ის იყო ჩართული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ირაკლი კობახიძე უნიკალური ადამიანია საქართველოში ამ მრავალმხრივი გამოცდილებით და ვფიქრობ, ამ მხრივ მისი ძალიან საინტერესო საქმიანობა გველოდება წინ, რადგან კარგად ახასიათებს დიდი სურათის სწორი ხედვა, ხანგრძლივი მიზნების დასახვა, რაც მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ არ ვიფიქროთ მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე, არ დავკარგოთ არასდროს სამიზნე და ის საბოლოო მიზნები, რომლებსაც ვსახავთ. მეორე მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც არის პირველივე დღიდან ამ ოჯახის წევრი და ძირითადი ლიდერი. მისი გამოცდილება ამ არჩევნებში ასევე ძალიან განმსაზღვრელია“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბეს“.