რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმიანება შეერთებული შტატების საპასუხო ავიადარტყმებს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის.
როგორც ზახაროვა აცხადებს, "საჰაერო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის აგრესიული ბუნება და ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფა".
"შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ცდილობს კონფლიქტში ჩაითრიოს რეგიონის უდიდეს ქვეყნები", - დასძენს ზახაროვა განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა საპასუხო დარტყმები განახორციელა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე პროირანულ ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის "ალ-ყუდსის" ძალები და მასთან დაკავშირებული ისლამისტური ჯგუფები.
დარტყმები განხორციელდა 85-ზე მეტ სამიზნეზე მრავალი თვითმფრინავის გამოყენებით, მათ შორის შორი დისტანციური ბომბდამშენებით.
ჯონ კირბის განცხადებით, ეს იყო აშშ-ის პასუხი იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი ჯარისკაცი, ხოლო 34 დაიჭრა.