ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე შეთანხმდა, განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შეძლეს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა, რომელმაც ვეტო დაადო პაკეტს დეკემბერში.
"ეს იძლევა გარანტიას უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე", – განაცხადა შარლ მიშელმა.
გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მიიღეს.
კიევისთვის მრავალმილიარდიანი ევროს დაფინანსების პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს "ურყევი მხარდაჭერისთვის".