ირაკლი კობახიძის პრემიერობით, ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მომსწრენი ვხდებით, ეს იქნება ისტორიული მომენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან პირველად მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და პრინციპში ეს არის რეალური იდეა და მიზანი საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ახალ დინამიკას პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც ეს არის პოზიტიური მოვლენა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც. ვინაიდან ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, უფრო საინტერესო არის შემდეგ და უფრო სხვანაირი ინტერაქცია არის, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად, მინისტრის სახით იქნება თუ პრემიერ-მინისტრის სახით, სხვა დინამიკას შესძენს", - თქვა პაპუაშვილმა.