უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას, მაგრამ შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება გადადოს. ამის შესახებ Financial Times-ი და The New York Times-იუწყებიან.
გავრცელებული ცნობებით, ზალუჟნის უკვე შესთავაზეს გადადგომა, მაგრამ ის არ დათანხმდა.
როგორც Financial Times-ს ოთხმა წყარომ განუცხადა, ორშაბათს, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. წყაროს თქმით, ზელენსკიმ მთავარსარდალს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დათანხმდებოდა თუ არა შეთავაზებას, ის მაინც დაკარგავდა ამჟამინდელ თანამდებობას.
Financial Times-ის ოთხივე წყარო ამბობს, რომ ზალუჟნის გათავისუფლება ჯერჯერობით არ შედგა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ორშაბათს, 29 იანვარს უკრაინულ მედიაში გავრცელდა, პრეზიდენტმა, შესაძლოა განცხადების გაკეთება გადადოს. ასე რომ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის მოხდება თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლება, დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას ის და ვის შეუძლია შეცვალოს იგი მთავარსარდლის პოსტზე.
ამასთან, უკრაინის ყოფილმა მაღალჩინოსანმა The New York Times-ს განუცხადა, რომ მთავრობა ზალუჟნის გადადგომისთვის ემზადება. მაგრამ მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო, ამ პროცესის გადადება გადაწყვიტეს. მისი თქმით, პროცესი ახლა შენელებულია.
ზელენსკისა და ზალუჟნის შორის კონფლიქტი აშკარა გახდა შემოდგომაზე, როდესაც მთავარსარდალმა განუცხადა The Economist-ს, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა.
NYT და FT წერენ, რომ ზალუჟნის გადადგომამ ან მისი მომავლის შესახებ გაურკვევლობამ შესაძლოა, შეარყიოს ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება. როგორც NYT-ის 101-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ პაველ ველიჩკომ განუცხადა: ზალუჟნის დიდ პატივს სცემენ ჯარში. [გენერალის თანამდებობიდან გათავისუფლება] სიგნალს გაუგზავნის ყველა რანგის მეთაურს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ასრულებ შენს სამუშაოს, შეიძლება უმიზეზოდ ჩამოგაშორონ შენს საქმიანობას“.
FT წერს, რომ ზალუჟნის პოტენციურ შემცვლელებად მოიაზრებიან სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, რომლებიც ზელენსკისთან დაახლოებული პირები არიან.