საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა შესაძლო საკადრო ცვლილებებზე.
"საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერმინისტრი, ასევე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლების გუნდი, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც თავისი ძლიერი მენეჯერული თვისებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის იკავებს სწორ პოზიციას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა უფლებამოსილება და ყველა კონკრეტული პოზიცია არის გადანაწილებული, პარტიის თავმჯდომარეს უკავია თავის პოზიცია, პრემიერი არის არჩეული პარლამენტის მიერ და ყველა თავის პოზიციაზე აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი", - განაცხადა მიქანაძემ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. გავრცელებული ცნობებით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენებენ, მის ნაცვლად კი, ირაკლი კობახიძეს დანიშნავენ.