ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - "ირემი" - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.
ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო.
2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“
"ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.
საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ - სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას.
კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას, პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის - „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი.
ნამუშევრის კვლევისას ასევე ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის რამდენიმე ნამუშევრის კომპლექსური კვლევა შედეგების შესადარებლად; შესწავლილია შესაბამისი ლიტერატურული წყაროები; ნამუშევრის ფერწერული ფენის ზედაპირს ჩაუტარდა კვლევა სტერეომიკროსკოპით და მოხდა ცალკეული ფრაგმენტების ფოტოფიქსაცია; გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფოტოგადაღების მეთოდი: ხილვადი რეჟიმით საერთო ხედისა და ფრაგმენტების მაკროფოტოგადაღება, ულტრაიისფერი დასხივებით და ინფრაწითელი კამერით გადაღება, რენტგენოგრაფირება და მიღებული მონაცემების შედარება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების არსებულ რენტგენოგრამებთან; ნამუშევრიდან აიღეს ნიმუშები და მოამზადეს ისინი საკვლევად. ნიმუშების კვლევა ჩატარდა რამანის ოპტიკური მიკროსკოპით, ლუმოსის ინფრაწითელი სპექტროსკოპით; ასევე, ჩატარდა ნიმუშების მეტალიზაცია (მოოქროვება) და კვლევა ელექტრონული მიკროსკოპით. გაიშიფრა მიკროსკოპებით კვლევის შედეგად გაზომილი სპექტრები და მოხდა მათი ინტერპრეტაცია", - ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.