როგორც ჩანს, „ხალხის ძალას“ თემები გამოელია და იმავე ფირფიტას ატრიალებს. ვურჩევდი, დავსხდეთ და მათ მოვუყვები აგვისტოს ომზე, ისევე, როგორც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, რომელთაც აგრესიაში რუსეთი ამხილეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
თეონა აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია, რომ „უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პასუხი აგოს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე
თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალა“ ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს.
„მაინტერესებს მათი აზრი, 11 წლის შემდეგ ოკუპაციასა და ანექსიაზე რა პოზიცია აქვთ და არ საუბრობენ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამას, როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ. დასავლეთი ამბობს, რომ უკრაინაში ომი საქართველოში დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა და ამ მოცემულობაში რას თხრიან და ეძებენ? თუ უნდათ, აგვისტოს ომზე საჯარო ლექციას წავუკითხავ და მასალებსაც გადავცემ. იქნებ, მიხვდნენ, რომ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.