აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ მთავარ შტატში - ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების პრაიმერიზში გაიმარჯვა და ხმების თითქმის 55% მიიღო.
ხმების 70%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმების 54,4%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა სამხრეთ კაროლინას შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი, რომელმაც ხმათა 43,6% მოიპოვა.
ნიკი ჰეილიმ, მხარდამჭერებთან საუბრისას, მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება და თქვა: „მან ეს დაიმსახურა და მე ამას ვაღიარებ“.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„ნიუ ჰემფშირი პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი. ეს რბოლა შორს არის დასრულებამდე. წინ ათობით შტატია,“ - განაცხადა ჰეილიმ.
მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ჩატარდება მის მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინაში, სადაც ის გუბერნატორის თანამდებობას ორი ვადით იკავებდა.
დონალდ ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სამჯერ მოვიგეთ ნიუ ჰემფშირში, სამჯერ და ჩვენ ვიგებთ აქ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვიმარჯვებთ პრაიმერიზში და ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ადგილია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში გაიმარჯვა.