„ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, გამოხატოს ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ როგორც პალატაში, ისე შემდგომ საკანში. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი СPT-ის დასკვნას, სადაც საუბარია „ვივამედის“ პალატაში მსჯავრდებულის მარტო ყოფნაზე.
რატი ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილს 2 წლის განმავლობაში 3000 ვიზიტორი ჰყავდა, რაც მის მარტოობას გამორიცხავს:
„როცა ყოველ დღეს სტუმრობენ ოჯახის წევრები, მასთან ერთად საათებს ატარებენ, რანაირად არის მარტო?“
რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა სეირნობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზეც და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არცერთხელ არ უსარგებლია სეირნობის უფლებით, არ გამოუხატავს ამის სურვილი და ყოველ შეთავაზებაზე ამბობდა უარს.
მინისტრი კლინიკაში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის არსებობის საკითხსაც გამოეხმაურა:
„საჭიროების შემთხვევაში, კლინიკას ჰყავს როგორც ფსიქიატრი, ისე ფსიქოლოგი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმეჯერ გაუკეთდა შეთავაზება იმის შესახებ, რომ ესარგებლა აღნიშნული ექიმების მომსახურებით, თუმცა, მან ყოველ ჯერზე დააფიქსირა უარი, მათ შორის, CPT-ის ვიზიტის შემდგომაც გაუკეთდა შეთავაზება, მაგრამ მან, ასევე, დააფიქსირა უარი“.