ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოხატვის ასეთი ფორმები დაუშვებელია.
„ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის. ბუნებრივია, ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არის საჭირო. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და დაანებონ თავი. არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.