ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას და ქრისტეს, მას საერთო არაფერი აქვს ეკლესიასთან და ქრისტესთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხატზე თავდასხმა არის რადიკალურ ქმედება, თუმცა ამის გამო ვინმესთან მივარდნა მიუღებლად მიაჩნია.
„ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ამაზე საუბარს, შემიძლია, უფრო ღრმად გავყვე, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე. პირდაპირ გეუბნებით, ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ.
ხატზე თავდასხმას ვაფასებ რადიკალურ ქმედებად, მაგრამ ვინმე ამის გამო ადამიანს მიუვარდეს, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ქრისტიანული გაგებით ეკლესია არსებობს ადამიანისთვის, ეს დავინახოთ, რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა ნატა ფერაძეს, მე არ დავუჭერ მხარს, რომ ამის გამო ის ჩაქოლონ.
ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, უფლება აქვს, როცა უნდა, მაშინ აღნიშნოს შობა. ადამიანის დევნა მის მიერ გამოთქმული აზრის გამო, მათ შორის, შობასთან დაკავშირებით არ შეიძლება. პაპუაშვილი, დიახაც, თუ ვინმე ახალისებს ძალადობას ბექა მინდიაშვილის მიმართ, ეს არის შალვა პაპუაშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა: „სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი {ბექა მინდიაშვილი}, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ეს ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“.