მედიის ცნობით, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, რიგაში 18-19 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთთ, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებზე ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნას.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს ჰანო პევკურმა, ანდრის სპრუდსმა და არვიდას ანუშაუსკასმა, ითვალისწინებს მომდევნო წლებში ბალტიის სამი ქვეყნის საზღვრებზე სხვადასხვა თავდაცვითი ნაგებობებისგან შემდგარი თავდაცვითი ზონის შექმნას, რომლის მიზანი იქნება შეკავება და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო საფრთხეებისგან დაცვა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ კონსტრუქციები განლაგდება „მტრისა და გარემოს ანალიზის შედეგების, ასევე ქვეყნის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო გეგმის გათვალისწინებით“. მშვიდობიანობის დროს იქ არ განთავსდება ასაფეთქებელი მოწყობილობები, მავთულხლართები და შეკავების სხვა მობილური საშუალებები.
„რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური დაცვის საშუალებები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი პირველივე მეტრიდან. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ მცირედი რისკის წარმოქმნის შემთხვევაში, ჩვენ უფრო მომზადებულები ვიქნებით მოვლენების მოსალოდნელი განვითარებისათვის “, - აღნიშნა პევკურმა.
გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივი გამოყენების შესახებ, განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხები, სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და ნატო-ს მომავალი ვაშინგტონის სამიტი.