ზაფხულში დაგეგმილი ევროპის პარლამენტის არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შესაძლოა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გახდეს. ვარაუდობს წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Politico.
ამ დროისთვის, ეს თანამდებობა ჟოზეპ ბორელს უჭირავს.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ურსულა ფონ დერ ლაიენი შეინარჩუნებს, თანამდებობაზე ასევე დარჩება ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შესაძლოა, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გახდეს.
"კაია კალასი კი ჟოზეპ ბორელის ნაცვლად საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს", - წერს გამოცემა.
"კალასის ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელად დანიშვნაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს იმ ფაქტმა, რომ ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე არ არიან წარმოდგენილნი. უკრაინაში ომის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ რეგიონმა უნდა მოიპოვოს წამყვანი პოზიციები ევროკავშირში", აღნიშნავს Politico.