„რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენმა გუნდმა „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი და ეს ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ გვაქვს კოალიცია? - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როცა პოლიტიკოსს იმდენი არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უბრალოდ უვიცია, ან მატყუარა, ან სასარგებლო იდიოტი. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასაც“ გამოვიყენებთ, ასევე „ნაცებსაც“, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენმა გუნდმა „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი და ეს ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ გვაქვს კოალიცია? კოლექტიური „ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, რადგან ზოგიერთს კოალიციის მნიშვნელობა არ ესმის, უბრალოდ, უვიცები არიან, ზოგიერთი კი ამას მავნებლურად აკეთებს. მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ან ცოტა მეტი წაიკითხონ, ან მავნებლობას მოეშვან. ნურავის ეწყინება, რომ ჩვენგან ყველას თავისი სახელი დაერქვას. ჩვენთვის „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ წითელი ხაზია, ორივე პარტია წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენი მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს და ოპოზიციაში ისე გადავიდეს, რომ “ნაცმოძრაობამ” დაბრუნება ვერ მოახერხოს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ზუსტად ეს ვნახეთ. „ნაცმოძრაობა“ იშლება და მათგან ბუას ეფექტი თავის მიზანს კარგავს, რადგან „ნაცმოძრაობა“ უკვე სასაცილოდ არის ქცეული“, – განაცხადა ბუჩუკურმა.