საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
"მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.