ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ძირითადი ხელშეკრულებებით უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, მაგრამ კალაძემ ვერ უზრუნველყო ამ სამუშაოების წარმართვა და შესაბამისად, ეს სამუშაოები გახანგრძლივდა.
მისივე თქმით, კალაძის პიარისთვის აღნიშნული სამუშაოები დაიწყო 20 აპრილს, როცა არცერთ კომპანიას არ ჰქონდა გეგმა, გრაფიკი და პროექტი გამზადებული.
„ერთი თვის შემდეგ ეს კომპანიები დააჯარიმეს კიდეც ამ მიზეზით, ანუ მუშაობა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ჰქონდათ დაწყებული. სწორედ ამიტომ კალაძეს ოქტომბრის თვეში მოუწია, რომ მთლიან ღირებულებაზე 2 800 000 ლარი დაემატებინა, ეს ნიშნავს, რომ პროექტი არ იყო სწორად შედგენილი.
ჩვენ კალაძეს თავიდანვე ვაფრთხილებდით, რომ ტენდერით შერჩეული კომპანიები ვერ უზრუნველყოფდნენ ამხელა პროექტის განხორციელებას, რადგან არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსები, მაგრამ მან არ დაუჯერა ჭკვიან ხალხს და მისი ახირებული ერთწუთიანი ვიდეოს გამო სამუშაოები აპრილში დაიწყო. სწორედ ამიტომ ჩავარდა ეს პროექტი.
ახლანდელი შერჩეული კომპანიების ძირითადი ნაწილი ქართული ოცნების შემომწირველები ან მასთან აფილირებულები არიან. კალაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს თბილისელებს და რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს წერეთლის რეაბილიტაცია, რისთვის საჭიროა, რომ გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობა და კომპანიები შეარჩიოს გამჭვირვალედ. ის ვალდებულია, რომ თბილისელებს გამართული მუნიციპალური სერვისი შესთავაზოს“ - თქვა ბესიკ დონაძემ.