ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დატოვებს ალიანსს, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განცხადა.
სტოლტენბერგის ამ განცხადების ფონია, სულ უფრო მზარდი მოლოდინები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი. ეს მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარო ტრამპის გამარჯვებამ აიოვას შტატის კოკუსში.
"აშშ დარჩება ლოიალურ და მნიშვნელოვან მოკავშირედ, რადგან შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებში შედის 30-ზე მეტი მეგობარი და მოკავშირე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ეს არ გააჩნიათ რუსეთსა და ჩინეთს, რაც შეერთებულ შტატებს უფრო უსაფრთხოს და ძლიერს ხდის", - დასძინა მან.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ტრამპს არასოდეს უთქვამს მისთვის შეხვედრებზე, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მთავარი წუხილი ნატოს წინააღმდეგ იყო ის, რომ ევროპელი მოკავშირეები არ ხარჯავენ საკმარის ფულს თავდაცვაზე.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები ახლა ზრდიან თავდაცვის ხარჯებს, "ასე რომ, ჩვენ გვაქვს რაღაც სათქმელი (ფინანსური) ტვირთის განაწილებაზე", - დასძინა მან.
მანამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩეა ჯოანმა, საპასუხოდ კითხვაზე, უქმნის თუ არა საფრთხეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს, განაცხადა, რომ ამერიკას მოკავშირეები ახლა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.
შეგახსენებთ, ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა თქვა, თუ როგორ უთხრა პრეზიდენტობისას დონალდ ტრამპმა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ შეერთებული შტატები დატოვებს ნატოს და რომ ევროპას ომის შემთხვევაში დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ამავდროულად, აშშ-ის კონგრესმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც არცერთ პრეზიდენტს არ მისცემს ნატოდან აშშ-ის გაყვანის უფლებას სენატის ან წარმომადგენელთა პალატის თანხმობის გარეშე.