მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ფრანგი არქეოლოგის სტეფან როსტენის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ მათ მიერ ეკვადორში, 20 წლის წინ აღმოჩენილი დამარხული გზები და სანაპიროები ანდების აღმოსავლეთ მთისწინეთში, არის ქალაქების სისტემის ნაწილი, რომელიც არსებობდა ძველი წელთაღრიცხვით 500 წლიდან ახალი წელთააღრიცხვის 600 წლამდე.
აღნიშნულია, რომ წინა-ესპანური ეპოქის ურბანული ცენტრების სისტემა აღმოაჩინეს უპანოს ველზე ამაზონის ზედა ნაწილში.
კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში 11 იანვარს გამოქვეყნდა.
„საველე გამოკვლევებმა და სინათლის გამოსხივების ლიდარულმა ანალიზმა გამოავლინა ანთროპოგენური ლანდშაფტი მონუმენტური პლატფორმებით, სკვერებითა და ქუჩებით, რომლებიც მიჰყვება სპეციფიკურ ნიმუშს, გადაჯაჭვულია ფართო სასოფლო-სამეურნეო დრენაჟებითა და ტერასებით, ასევე შორ მანძილზე გადაჭიმული ფართო სწორი გზებით“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
არქეოლოგიური გათხრების მიხედვით პერიოდი თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. აღ.-ის 500 წლიდან. ახ.წ. აღ-ის 300-600 წლამდე. ლანდშაფტის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია რთული საგზაო სისტემა, რომელიც გადაჭიმულია ათეულობით კილომეტრზე, აკავშირებს სხვადასხვა ურბანულ ცენტრებს, რითაც ქმნის რეგიონული მასშტაბის ქსელს.
საერთო ჯამში, ნაპოვნია 6 ათასზე მეტი მიწის პლატფორმა, რომლებიც მოწყობილია გეომეტრიული სქემით, დამაკავშირებელი გზებით და გადაჯაჭვულია სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტებთან.
„ზემო ამაზონის ეს ვრცელი ადრეული განვითარება შედარებულია მაიას მსგავს ურბანულ სისტემებთან, რომლებიც ახლახან გამოვლინდა მექსიკასა და გვატემალაში“, - აღნიშნულია გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.