სასაცილოა, მოსკოვთან დაკავშირებით საერთოდ რომ საუბრობს კომკავშირის ყოფილი მდივანი, ვისთვისაც მოსკოვი ცენტრი იყო, მამუკა ხაზარაძე ქვეყნის გარეთ იყურება, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.
„ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი – პროექცია, როცა ადამიანი საკუთარ რაღაც პრობლების თუ თვისებების პროექციას სხვაზე ცდილობს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთს და მოსკოვს. სასაცილოა, მოსკოვთან დაკავშირებით საერთოდ რომ საუბრობს კომკავშირის ყოფილი მდივანი, ვისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი. ეს არის პროექცია. ხაზარაძე საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე პროექციას ცდილობს. ახლა სხვა დედაქალაქებში ეძებს ცენტრს. ეს არის ამ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. მოქმედებს არა ქართული საზოგადოების ინტერესებით, არამედ ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის გარეთ იყურება – რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს. სასაცილოა, როცა მამუკა ხაზარაძე მოსკოვსა და რუსეთზე საუბრობს. თავადაც თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა. ასეთი ადამიანისგან მოსკოვზე საუბარი სასაცილოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.