ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს, 12 იანვარს კიევში ჩავა, სადაც გამოაცხადებს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ფუნტის (3 მილიარდ დოლარზე მეტი) სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების ახალ პაკეტში შევა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო ჭურვები.
დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი დაიხარჯება უპილოტო საფრენ აპარატებზე: დაზვერვის, თავდასხმისა და შორი მანძილის საზღვაო დრონებზე. აღნიშნულია, რომ ეს იქნება უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება ნებისმიერი ქვეყნიდან.
ასევე იუწყებიან, რომ სუნაკი კიევში ხელს მოაწერს ახალ შეთანხმებას უკრაინის ორმხრივი „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ.
მოსალოდნელია, რომ სუნაკი შეხვდება მაშველებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებში. ბრიტანეთის პრემიერი ასევე განაცხადებს 18 მილიონი ფუნტის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის დახმარების მოწოდების შესახებ.