სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ტელეკომპანია "პირველთან" კომენტარს აკეთებს მის სახლთან გამართულ "ალტ-ინფოს" აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ფერაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები საპატრიარქოს მიერ არიან მართულები. მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე პატრულმა თავისი მოვალეობა კარგად შეასრულა.
"ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო. ასე რომ ემუშავათ ადრე ძალიან კარგი იქნებოდა. მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი... რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი.“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
ნატა ფერაძის სახლთან "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებული აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ალტ-ინფოს" წევრები აპროტესტებდნენ ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შეღებვას, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსხული.
შეგახსენებთ, საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.