უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის პარტნიორები კიევს რუსეთთან ომის გაყინვისკენ არ მოუწოდებენ. მისი თქმით, პარტნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არ აპირებს გაჩერებას და საომარი მოქმედებების შემცირებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებს ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„პარტნიორების მხრიდან ჩვენი თავდაცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა არ არის... ზეწოლა არ არის კონფლიქტის გაყინვაზე. ჯერ არ არის. არის სხვადასხვა ინფორმაცია, მედიაში წავიკითხე და ვიცი ამის შესახებ. სხვადასხვა ცნობებია და არის სხვადასხვა დისკუსია.
ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ჯერ არ არიან ოფიციალურად მზად, რომ შესაბამისი სიგნალები მოგვცენ. ყოველ შემთხვევაში მე პირადად არ მსმენია.
ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რიტორიკას. ის არ აპირებს გაჩერებას. მას სურს ჩვენი სრულად ოკუპირება. და ზოგჯერ პარტნიორების არადამაჯერებლობა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, მხოლოდ გამბედაობასა და ძალას მატებს რუსეთის ფედერაციას. ამიტომ ამის {დახმარების გაწევის} გადადება ნამდვილად არ არის საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე უკრაინას არ გაანადგურებს. მისივე თქმით, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შესაძლოა შემდეგნი იყვნენ.
„მათ {რუსებმა} უკვე დაიწყეს საუბარი ფინეთზე, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე... ის {პუტინი} არ დაასრულებს ამ ყველაფერს, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად არ დავასრულებთ მას“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.