დღეს, 27 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ჯგუფი - კრეატივი" სამინისტროს დარბაზში დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პროექტი „დაასაქმე სტუდენტი" თბილისის უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტების კერძო სექტორში დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტის საწყის ეტაპზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 სტუდენტი რძისპროდუქტების კომპანია „ეკოფუდში" და სუპერმარკეტების ქსელ „ჯიმარტში" დასაქმდებიან. კომპანიებში ორკვირიანი სტაჟირების შემდეგ მათთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება.
პროექტში „დაასაქმე სტუდენტი" მონაწილეობის სურვილი კერძო სექტორში მომუშავე ათეულმა კომპანიამ გამოთქვა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სტუდენტთა მონაცემების შესწავლა, რის შემდეგაც მათი დასაქმება ეტაპობრივად მოხდება.
პროექტის „დაასაქმე სტუდენტი" მიზანია გაიზარდოს დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა და წარმატებულმა სტუდენტებმა საქართველოში მიღებული განათლებით ხელი შეუწყონ ბიზნეს-სექტორის განვითარებას.