ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა პარტია.„საქართველოსთვის“ ინიციატივას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ.
მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა კარგი იდეაა, თიმცა ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს მიზნად და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის იმ წესს არ შეცვლის, რომლითაც პრეზიდენტს პარლამენტი და თვითმმართველობები აირჩევენ.
„თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არა მხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის. ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და, დიდი ალბათობით, არც მომავალში ექნება. ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება“ მოვა და ვერც ოპოზიცია”, – აღნიშნა გოცირიძემ.