ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები, რომ კანდიდატის სტატუსის წინაპირობა არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება. არ დაწესდა სანქციები, ვინაიდან ეს არ არის ქართველი ერის ინტერესში, საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ევროკავშირი არ აყენებს საქართველოს ამ დილემის და არჩევანის წინაშე და ნახეთ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა. დღეს რასაც მე ვუსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძის, დავით კეზერაშვილის ტელევიზიების რეპორტაჟებს, სადაც ხალხი, რომლებიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობენ, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდნენ, ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიასთან და ჩანს პირდაპირ, რომ „ლელო“ ამ შემთხვევაში პოზიციონირდა, როგორც პარტია მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არამხოლოდ ეკლესიას, ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს. ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება, შესაბამისად, წლის ბოლოს, ოქტომბერში, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მისი სულიერების ისტორიას, და, მეორე მხრივ, ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.