ჩვენი მთავარი სიძლიერე, ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის სიძლიერე იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იმარჯვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ფაქტია, რომ 2024 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, გამომდინარე რეგიონში არსებული ვითარებიდან, გამომდინარე ოპოზიციის სრული კრახიდან, ვინაიდან ამ კრახის საფუძველზე ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის მდგომარეობის რადიკალიზაცია. ვხედავთ მათ მფარველებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და მცდელობა იქნება, რომ ამ წელსაც ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას, ძირი გამოუთხარონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოლონ საქართველოს, მის რეპუტაციას, რასაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა მთლიანად ერი კონსოლიდირდეს და ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება იმისთვის, რომ ჩვენ ამ წლის ბოლოს კვლავ, კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვება ჩვენი მტრების ჯინაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, რომ ის, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ არის, ასე რომ, აქ არავის არაფრის არ ეშინია“.
„ჩვენი მთავარი სიძლიერე, ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის სიძლიერე იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იმარჯვებს. ორი წლის წინ ვნახეთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება როგორ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება. გახსოვთ, აქ აქციები რომ მოაწყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წალეკვით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. გავიდა დრო, სიმართლემ თავისი გზა ნახა და საქართველომ ამ სიმართლით გაიმარჯვა. სწორედ ამ სიმართლით გავიმარჯვებთ წელსაც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.