პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია,ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა, ჩაანაცვლოს ისე ადამიანი, რომ მას ღირებულება დაეკარგოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, რომელშიც ილია მეორე ამბობს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“.
პაპუაშვილის თქმით სულიერების კრიზისი მეტ-ნაკლებად არის სამყაროში და მას გარკვეულწილად ტექნოლოგიებიც უწყობენ ხელს. მისივე თქმით, ადამიანების, ინდივიდების სულიერებასაც უნდა მიექცეს ყურადღება.
„ევროპის ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებაზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ ადამიანზე, ინდივიდზე. ადამიანი და ინდივიდი არის სწორედ ქრისტიანობის ამომავალი წერტილი. აქ არის მთავარი თანხვედრა ქრისტიანობისა და თანამედროვე ევროპული კულტურისა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ექმნება საფრთხე. ინდივიდი რაღაცნაირად ზავდება მასაში, აღარ ჩანს მისი განსაკუთრებულობა, მას ანაცვლებს სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არის ნაწილი განვითარებისა, მაგრამ ადამიანების, ინდივიდების სულიერებასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მხრივ პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია ყველა ამ მიმართულებით, ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა, ჩაანაცვლოს ისე ადამიანი, რომ მას ღირებულება დაეკარგოს. მთავარი ღირებულება და ფასეულობა სამყაროში არის ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.