ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო , - ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობა ეპისტოლეში.
„ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.