საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის აქციის ფარგლებში - „ნათელი ფერები ბავშვებს" - წინასაახალწლო საქველმოქმედო აუქციონს გამართავს.
აუქციონზე ბილაინის 50 ოქროს ნომერი გაიყიდება, საწყისი ღირებულებით 700 ლარი. შემოსული თანხა ტოლ ნაწილად გაიყოფა და საქველმოქმედო ფონდ SOCO-სა და გლდანში არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაერიცხება. საღამოს ასევე დაესწრება საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.
საქველმოქმედო საღამოზე მიწვეულები იქნებიან, როგორც ბიზნესის, ისე ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. მათთვის საგანგებოდ შედგენილ საახალწლო მუსიკალურ პროგრამას თბილისის ბიგ ბენდი ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად შეასრულებს. მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას ასევე ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ლინდა თურქოშვილიც მიიღებს.
ღონისძიების დაწყებამდე ერთი დღით ადრე 27 დეკემბერს, 13.00-ზე ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი, სოციალური ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გლდანის ბავშვთა სახლს მოინახულებს (მის.ქერჩის 4).
„სოციალური პასუხისმგებლობის აქცია „ნათელი ფერები ბავშვებს" უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ყოველი გაყიდული ტელეფონიდან - 1 ლარი, ხოლო ნომრიდან - 50 თეთრი კონკრეტული ბავშვთა სახლის დასახმარებლად ირიცხებოდა. ამავე პროექტის
ფარგლებში ვმართავთ წინასაახალწლო ვახშამს, სადაც მიწვეულები არიან ბიზნეს სექტორის, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენელები. ვიტოვებთ იმედს, რომ წინასაახალწლოდ დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად, ჩვენ ყველა ერთად კეთილ საქმეს მოვემსახურებით", - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.