აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამოქალაქეებს მოუწოდა თავიანთ თავს დაუსვან შეკითხვა არის თუ არა დემოკრატია ამერიკისთვის კვლავ წმინდა საქმე? მისი თქმით 2024 წლის არჩევნებზე ამერიკელებს მოუწევთ გააკეთონ არჩევანი - როგორ უპასუხონ ამ შეკითხვას. მისივე თქმით, მხოლოდ დემოკრატების გამარჯვებას შეუძლია ამერიკის გადარჩენა.
ბაიდენის სიტყვით გამოსვლა 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის წლისთავს მიეძღვნა.
„მე გაძლევთ ფიცს: ამერიკის დემოკრატიის დაცვა იქნება ჩემი პრეზიდენტობის მთავარი საქმიანობა, როგორც ეს იყო ყოველთვის“, - განაცხადა ბაიდენმა
მან თავის ოპონენტს, დონალდ ტრამპს ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა.
ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მცდელობა დაბრუნდეს თეთრ სახლში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
„დონალდ ტრამპი შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის მასშტაბურ კამპანიას გვპირდება“, – თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ იყო ძალადობრივი თავდასხმა.
„დონალდ ტრამპი ცდილობს, მოიპაროს ისტორია, როგორც მან არჩევნების მოპარვა სცადა. თუმცა ჩვენ ვიცით სიმართლე, რადგან ის ჩვენი თვალებით ვიხილეთ. ტრამპის ბანდა არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა. ისინი იყვნენ აჯანყებულები და არა პატრიოტები. ისინი იქ არ ყოფილან კონსტიტუციის დასაცავად, არამედ იყვნენ კონსტიტუციის გასანადგურებლად. ტრამპი უარს ამბობს დაგმოს პოლიტიკური ძალადობა. მე ვიტყვი იმას, რასაც დონალდ ტრამპი არ იტყვის: პოლიტიკური ძალადობა არასდროს ყოფილა მისაღები აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, არასდროს. მას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპი მზადაა გაწიროს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სისტემა, რათა დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ის ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა“, – განაცხადა ბაიდენმა.