გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს, მამა რომ ჰყავდა დაჭრილი, დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? - ბოდბელ მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებითჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს შეუჩერეს მოღვაწეობის უფლება. არ ვარ საქმის კურსში, არ ვინტერესდები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ წვავენ დროშებს. განა ვიწონებ ან არ ვიწონებ საქციელს, ყველგან მინახავს და პოლიცია არც ჩარეულა. ერთი რამე ვიცი, ადამიანს როცა წვავდნენ, პოლიტიკოსებს ძალიან არასწორი და უაზრო აზრები აწუხებდათ, ამის მერე დროშაზე აღარც წამიკითხავს და არც მაინტერესებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
„ფორმულას“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ლაზარე გრიგორიადისს, მეუფე იაკობმა განაცხადა:
„აი, გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს. მამა რომ ჰყავდა დაჭრილი. დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? ადამიანი უნდა გაწუხებდეთ, ადამიანს უნდა გააგებინოთ, რომ სინანული გაუჩნდეს და რასაც აკეთებს, ცუდი საქციელია. სისტემა იყო „ნაცების“ დროს, მე ვარ შემსწრე, როგორი სისტემა. მე ვიცი, რომ ადამიანს წვავდნენ და არასწორად აშუქებდით ტელევიზიები. რა მნიშვნელობა აქვს, ლაზარე იყო თუ სხვა? წვავდნენ ადამიანს და არა მგონია, დროშა გაწუხებდეთ, არ დავიჯერებ მაგას. მამა არ დაჭრა მაგან? მოსაკლავად გაიმეტა საკუთარი მამა, უცხოსთან რამე რომ ჩაედინა, გასაკვირია? კიდევ ამართლებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.