ისრაელმა მოკავშირეებს განუცხადა, რომ ირანში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს. იუწყება Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
„ქვეყანამ {ისრაელმა} მოკავშირეებს განუცხადა, რომ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.
როგორც წყაროები ამბობენ, ისრაელი დარტყმებს მხოლოდ ცალკეული პირების ან ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახორციელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ქერმანში თავდასხმის მიზანს ისრაელსა და ირანს შორის შემდგომი დაძაბულობის გაღრმავება წარმოადგენდა.
წყაროებს მიაჩნიათ, რომ ტერაქტის უკან ირანში მოქმედი ისლამისტური ოპოზიციური ორგანიზაციები დგანან.
მანამდე ირანის მთავრობამ 4 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა, რომელმაც 4 იანვარს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, განაცხადა, რომ ტერაქტის შემკვეთები და შემსრულებელები ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლინდებიან და სათანადოდ დაისჯებიან. ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორები და შემსრულებლები სამართლიან სასჯელს მიიღებენ და მათ მიერ ჩადენილ საზარელ ქმედებას მკაცრი პასუხი მოჰყვება.
3 იანვარს, ქალაქ ქერმანში, ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიის კორპუსის მეთაურის, ქასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს ორიაფეთქება მოხდა. ირანის ჯანდაცვის მინისტრმა ბაჰრამ ეინოლაჰმა 95 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 103 დაღუპულისა და 211 დაშავებულის შესახებ.