უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
„რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. დაზიანდა თითქმის 120 ქალაქი და სოფელი - ასობით სამოქალაქო ობიექტი.
ტერორისტების დარტყმების შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, 39 გარდაცვლილია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა მაშველებს, პოლიციას, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.
29 დეკემბრის ღამით და დილით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მასირებული საჰაერო დარტყმები განახორციელა. კიევი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ მოექცნენ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 158 საჰაერო სამიზნედან 114 გაანადგურა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა თითქმის ყველა ტიპის შეიარაღება.