პოლონეთში დააფიქსირეს ამოუცნობი ობიექტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან შეფრინდა.
ამის შესახებ RMF24 იუწყება.
მფრინვი ობიექტი, რომელიც დიდი სიჩქრით მოძრაობდა, დასახლება პშევოდუვის მცხოვრებლებმა შენიშნეს. საუბარია სოფელზე, სადაც ერთი წლის წინ რაკეტა აფეთქდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გაიგეს ძლიერი ხმაური. ობიექტი დასავლეთისკენ მოძრაობდა.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ინფორმაცია აფეთქების შესახებ არ ვრცელდება.
პოლონური მედიის ცნობით, შესაძლოა, ეს ყოფილიყო პოლონეთის საჰაერო სივრცის დროებითი დარღვევა და ობიექტი უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
ინფორმაცია ინციდენტის შესახებ დაადასტურა პოლონეთის შეიარაღებული ძალაბის ოპერატიულმა სარდლობამაც.
„დილის საათებში უკრაინის საზღვრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოფრინდა უცნობი საჰაერო ობიექტი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე აკვირდებოდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
29 დეკემბერს, ღამით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევა დაიწყო. თავდასხმის ქვეშ იყვნენ კიევი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები. არიან დაღუპულები და დაჭრილები.