ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის გამო პროტესტი აფხაზეთში, გარედან არის წახალისებული,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო აგარაკი 180 ჰექტარი ფართობით - ძველი, სტალინის დროინდელია და მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად, იგი „ეკუთვნის“ რუსეთს და დოკუმენტის რატიფიცირებას აფხაზეთის „პარლამენტმა“ უკვე დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, გარედან არეულობის „ხელოვნურად გაღვივების“ მცდელობა აშკარაა, ამიტომ არ ღირს ვითარების ზედმეტად სერიოზულად აღქმა.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება მისი რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 26 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.