საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, წლევანდელი ელჩების კონფერენცია მიძღვნილი იყო კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს.
„ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა სამუშაო სივრცე. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა განვახორციელეთ. პრაქტიკულად, ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა, რომელიც უშუალოდ, პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ასევე მოვისმინეთ საქართველოს პატრლამენტის სპიკერის მიმართვა, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად, პირადად იყო ჩართული იმ უზარმაზარი საკანონმდებლო აქტივობების განხორციელებაში, რომელიც გასულ წელს, მიმდინარე წელს იყო. შესაბამისად, წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ამ ლოგიკით იყო აწყობილი. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ლოგიკით იყო ფორმატი აწყობილი.
წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული. ხელისუფლების ორი შტო ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი დღეს ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.