ვისაც სურს, რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვს შესაძლებლობა, შემოუერთდეს საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქმემ და გამოცდილებამ დაადასტურა, ხელისუფლება რასაც დაისახავს გეგმად და მიჰყვება ამ გეგმას, ეს იძლევა შედეგს,
„მათ თუ სურთ, რაიმენაირად დაეხმარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, კი ბატონო, მათთვის კარი ღიაა, მაგრამ მე მეშინია, რომ ისინი კვლავ შეეცდებიან ისტერიას. პირველი რეაქცია, რაც ჰქონდათ სამოქმედო გეგმაზე, ეს არის აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან, რა როგორ უნდა გაკეთდეს. სინამდვილეში, ვხედავთ, მათი პოლიტიკა რაც არის. სამოქმედო გეგმა აბსოლუტურად რეალისტურია.
ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთავაზობთ განხილვის ფორმატებს, სადაც მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით იქნება განხილვა და მივალთ შედეგამდე. ოპოზიციას რაღაც უცნაური წარმოდგენა აქვს. ოპოზიციას სამოქმედო გეგმა ჰგონია ჩამოწერილი შედეგები, რაც უნდა იყოს, მაშინ ასეთ სამოქმედო გეგმას რა აზრი აქვს?! ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურს, რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვს შესაძლებლობა, შემოუერთდეს საქართველოს ხელისუფლებას.
სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმას, რომ იქნება სამუშო ფორმატები, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება განხილული. რა იქნება გათვალისწინებული, რა არ იქნება გათვალისწინებული და რა იქნება შედეგი, ეს უნდა იყოს ამ სამუშაო ფორმატების განხილვის შედეგი. ამიტომ ჩვენ წინასწარ შედეგებს არ ვდებთ. ჩვენი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც განსაზღვრავს სამუშაო ფორმატებს, ვადებს და ვთავაზობთ მათ შორის ოპოზიციას, ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში. ვენეციის კომისიის დასკვნები, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საფუძველი და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.