გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ სურს, ამას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით ვერ შეძლებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
„გიორგი გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ სურს, ამას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით ვერ შეძლებს და გახარიამ საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე უნდა იზრუნოს. ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის გამოცდილება ვნახეთ, რომელთაც ეგონათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ აგინებდნენ, ამით ოპოზიციურ ველზე დაიმკვიდრებდნენ ადგილს. პირიქით მოხდა – ყველა ასეთი პარტია ერთ პროცენტს ჩამოსცდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მყარადაა იქ, სადაც არის. მათი განცხადებები სასარგებლო იდიოტების განცხადებებია, რასაც არც პოლიტიკასთან და არც სამართალთან კავშირი არ აქვს.
გახარიამ გადაწყვიტა, იმ ადამიანების ხმებზე იმუშაოს, ვინც არც „ქართული ოცნების“ მხარესაა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. აიკიდა კომპლექსი, როცა „ქართულ ოცნებაზე“ მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებს და ცდილობს იდენტობის დამკვიდრებას. გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ რიგ საკრებულოებში მის პარტიასთან სიტუაციური თანამშრომლობა მოგვიწია – მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთად კოალიცია აქვს შექმნილი. მათ შორის, ამიტომაცაა გახარია არაგულწრფელი მთელ რიგ განცხადებებში. გახარიასგან განსხვავებით, ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ასე რომ მივუდგეთ, გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლიერებსო როცა ამბობს, მინდა, ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ციხეში სხედან და არიან სისხლის სამართლის დევნაში, ხოლო გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და რომელმაც 20 ივნისი მოაწყო, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეზე და რომელიც მათ შორის, კარგად იყო გარეული კორუფციულ სქემებში, თავისუფლად დადის და მას არავინ არაფერზე სთხოვს პასუხს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.