უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს უკრაინელები ამ დღესასწაულს ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავენ.
"დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს როგორც არასდროს, ჩვენი საერთო ლოცვა უფრო ძლიერი იქნება. ხალხის ლოცვა. დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას - ისე როგორც არასდროს. და გაჟღერდება დღეს, ორკვირიანი დროის სხვაობის გარეშე და ის გაჟღერდება ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე მეორე წელია უკრაინელები შობის დღესასწაულს სრულმასშტაბიანი ომის პირობებში აღნიშნავენ.
"ეს არის შობა, რომელსაც აქვს განსხვავებული განწყობა, განსხვავებული კონტექსტი. საოჯახო ვახშამი არ არის ისეთივე, როგორც ყოველთვის. რადგან ყველა ჩვენგანი არ არის სახლში და ყველას არ გვაქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ როგორი ხალხი დგას მაგიდასთან და რამდენად ღირებულია, როცა ისინი ერთად არიან და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლოს არ არის და იცავს უკრაინას, მათ შეეხმიანოს“, - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საჩუქრები, ღირებულებები და ტრადიციები შეიცვლა.
„რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს არა ის, თუ როგორ ვრთავთ ჩვენს სახლებს, არამედ ის, თუ როგორ ვიცავთ ჩვენ სახლებს და როგორ ვაძევებთ მტერს ჩვენი სახლებიდან. როგორ გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსკვლავს ვამჩნევთ და არ ვხედავთ ცაზე მტრის რაკეტებს და „შაჰედებს“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თავისი მიმართვა ჩაწერა კიევ-პეჩორის ლავრაში, რომელსაც უწოდა უკრაინის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, მართლმადიდებლობის, მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის ათასწლოვანი სიმბოლო, აგრეთვე „ჩვენი დაუმარცხებლობის სიძლიერის, გამძლეობის, რთული განსაცდელების მტკიცებულება და მათი დაძლევის შესაძლებლობა“.
„შობამდე დრო წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დროა. ხვალ კი დღე იწყებს ზრდას, სინათლე იწყებს გამარჯვებას. სინათლე ძლიერდება. და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითიდღე, სიბნელე მარცხდება.
და საბოლოოდ სიბნელე დამარცხდება. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და სწორედ ეს არის ჩვენი საერთო ლოცვა - ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველა შევძლებთ შევიკრიბოთ სახლში მშვიდობიანი წლის მშვიდობიან შობაზე და ვუთხრათ ერთმანეთს: "ქრისტე იშვა!" - თქვა ზელენსკიმ.