მედიის ცნობით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ამ ეტაპზე განიხილოს დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაჩქარდეს არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს.
საუბარია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობის საქმეზე.
მანამდე მიმდინარე წელს ტრამპს ბრალი წაუყენეს არჩევნებზე ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს იმუნიტეტი დევნისგან, რადგან ის მოქმედებდა პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილებით ბუნტის დაწყებამდე და მის დროს.
მისმა ადვოკატებმაც ასევე არაერთხელ განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა გასამართლდეს სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებასთან.
თუმცა, ეს არგუმენტი დეკემბრის დასაწყისში უარყო ვაშინგტონის ოლქის მოსამართლემ. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა მიმართა უზენაეს სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, გადაეწყვიტა აქვს თუ არა ტრამპს იმუნიტეტი, რადგან შიშობდა, რომ გასაჩივრების პროცესს შესაძლოა გადაედო ტრამპის სასამართლო პროცესი, რომელიც დაგეგმილი იყო 4 მარტს ვაშინგტონში.
მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გააჭიანურებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.