ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, აღმასრულებელ სტრუქტურებთან, დანაშაული იქნა ჩადენილი, საჭიროა, დამნაშავეების დასჯა და ამისთვის უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამით და ეს დაინტერესება გამოიხატება რეგულარული კონსულტაციებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არგაღიზიანების პოლიტიკას პრაგმატული პოლიტიკა ამართლებს და ეს გამოხატულია კონკრეტული შედეგებით.
„არგაღიზიანების პოლიტიკას მე დავარქმევდი პრაგმატულ პოლიტიკას, პრაგმატული პოლიტიკა ამართლებს და ეს გამოხატული არის კონკრეტული შედეგებით. შეგახსენებთ, რა შედეგები ჰქონდა წინა ხელისუფლებას ძალიან რბილად, რომ ვთქვათ არაპრაგმატული პოლიტიკით. ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, ე.წ აღიარება ოკუპირებული ტერიტორიების, 30 000 დევნილი, რომელიც 2008 წელს მივიღეთ, 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამასთან ერთად, სხვა ნაბიჯებს რომ დგამდნენ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ რუსეთს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ მძიმე შედეგებზე, რაც მივიღეთ წინა ხელისუფლების არაპრაგმტული პოლიტიკის გამო. რაც შეეხება იგივე გატაცებებს და იზოლატორებში გადაყვანას, რომ ნახოთ მონაცემები, აქაც ბევრად უფრო მეტია წინა ხელისუფლების პირობებში, ვიდრე არის ახლა. აქედან ჩანს სტატისტიკურადაც, რომ პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს არათუ ამართლებს, არამედ მან მოიტანა ხელშესახები შედეგები. უახლესი ისტორიის, 30 წლის განმავლობაში პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც არ ყოფილა ომი, რომლის დროსაც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ქვეყანაში და ეს არის რეალურად შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.