საქართველომ განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია მოკლე პერიოდში და ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ხელისუფლების, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში განსაკუთრებული გარღვევა მოახდინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურის ანგარიშის შეფასება სთხოვეს.
„ეს ანგარიში ტექსტობრივადაც გამოქვეყნდა და ყველას მოგიწოდებთ, რომ გაეცნოთ კიდევ ერთხელ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რომელიც მოყვანილია. ამას ხომ ვერავინ გაექცევა. როდესაც საუბარია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო რაღაც პროგრესი და ახლა არ არის, ფაქტები აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს, სად არის დღეს საქართველო, სად იყო მაშინ საქართველო. საქართველო აცდენილი იყო ევროპულ რელსებს, ჩვენ ფაქტობრივად არ გვქონდა რაიმე ევროპული პერსპექტივა, ჩიხში იყო შესული ყოველგვარი მოლაპარაკება, ასოცირების შეთანხმებასთანაც კი, იყო გაწელილი მოლაპარაკება, გვიან დაწყებული მოლაპარაკება. საქართველო მიექანებოდა ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ, იყო წამებისა და ღირსების აყრის სისტემა შექმნილი და ეს შემოატრიალა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ათი წლის თავზე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეკონომიკა არის რამდენჯერმე გაზრდილი, ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილით ვართ კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავე, ჩვენს უკან არის უკრაინაც, მოლდოვაც, მონტენეგროც, რამდენიმე სხვა ქვეყანაც. ასე რომ, ამ მხრივ, საქართველომ განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია მოკლე პერიოდში და ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ხელისუფლების, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში განსაკუთრებული გარღვევა მოახდინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.