გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრესტიჟისთვის დიდი საქმეა.
"ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ, მთელი საქართველოს პრესტიჟისთვის ძალიან დიდი საქმეა. რუსეთს რომ ქართველი ადამიანის სისხლში ხელის გასვრისთვის პასუხი მოეთხოვება, ძალიან დიდი საქმეა. მათ გულში უნდა ჩაიხედონ და თქვან, რომ საქართველოს თავისი ხელმძღვანელები, სამართალდამცავი ორგანოები ჰყავს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ - ეს არის მთავარი. ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა. აწი საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცველებზეა, რამდენად უღირთ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი". - თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ ფორმულასთან საუბარში.
გიგა ოთხოზორიას საქმის ადკოვატის, გიორგი ტაბატაძის ცნობით, ოთხოზორიას საქმე სტრასბურგში მოიგეს, რის შედეგადაც რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.
ასევე, დადგინდა, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ შეასრულა 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რაც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალების წარდგენას გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარეები; ამასთან, ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ოთხოზორიას ოჯახს ერთობლივად, სამი თვის განმავლობაში 130 000 ევრო, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დაეკისროს მორალური ზიანის შესაბამისად.
2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.