„ქართული ოცნების“ ამ გუნდმა ამ ქვეყანას მოუტანა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, და კანდიდატის სტატუსი, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ ვინმემ თქვას, რომ ამ გუნდს გამარჯვების დიდი შანსები არ აქვს, იმაზე იზრუნოს ოპოზიციამ, რომ რაიმენაირად პარლამენტის გარეთ არ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას მომავალ წელს ექნება ძალიან ადვილი არჩევანი.
„ის, რაც ნახა საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როგორ ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ომისკენ, როგორ ექაჩებოდა საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ, როგორ აატალახეს სხვადასხვა კაბინეტები, რათა საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, ყველა ეს ბრძოლა ოპოზიციამ ქართველ ხალხთან და საქართველოს ისტორიასთან წააგო. 15 დეკემბერს, პარასკევს, როდესაც სხდომა იყო პარლამენტში კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან მეორე დღეს, ვნახეთ მომტირალი ოპოზიცია, რომელთა უმეტესობა არც გამოცხადდა სხდომაზე. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას მომავალ წელს ექნება ძალიან ადვილი არჩევანი არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ეს კითხვა ეკუთვნის მას, მისი გადასაწყვეტია, უნდა იყოს პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, ეს მისი გადასაწყვეტია რას გააკეთებს და რომელ სფეროში იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.