აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ასევე გამართა მოლაპარაკებები ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და მონაწილეობა მიიღო ნეთანიაჰუს მთავრობაში სამხედრო კაბინეტის სხდომაში. ოსტინის ვიზიტი აღიქმება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობად დაარწმუნოს ისრაელი, შეცვალოს საბრძოლო ტაქტიკა ღაზის სექტორში.
ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას, რომელიც დღეს თელ-ავივში ჩავიდა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი აწარმოებს "ცივილიზაციის ომს ბარბაროსობის წინააღმდეგ" და იბრძვის „ჰამასზე“ სრული გამარჯვებისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ მრავალი თვალსაზრისით თქვენი ომიცაა, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ ცივილიზაციის ძალებს მსოფლიოში. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ტერორის ირანული ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა იმუქრება ბაბ ელ-მანდების სრუტეის ჩაკეტვით. ეს საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა ოსტინს წითელ ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფნისთვის ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტი მეამბოხეების განმეორებითი თავდასხმების ფონზე. „ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესები არ არის. ვფიქრობ, ეს არის მთელი ცივილიზებული საზოგადოების ინტერესები“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
თავის მხრივ ოსტინმა გაიმეორა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელისადმი ურყევი რჩება.
„მე ვიცი, რომ ისრაელი პატარა, შეკრული ქვეყანაა და ვიცი, რომ ყველა ისრაელს შეეხო „ჰამასის“ მიერ ჩადენილი უდიდესი ბოროტება. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა ვიგლოვო თქვენთან ერთად 7 ოქტომბერს თქვენთვის წართმეული უდანაშაულო სულები. მე ასევე ვარ აქ, რათა დავდგე ღაზაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების გვერდით, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ჰუსიტების თავდასხმები კომერციულ გემებზე უნდა შეწყდეს.
„ამერიკის ერთგულება ისრაელის მიმართ ურყევია და არც ერთმა ჯგუფმა ან ერმა არ უნდა გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მრავალეროვან საზღვაო ოპერატიულ ჯგუფს წითელ ზღვაში, რათა დავიცვათ ნაოსნობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები“, - აღნიშნა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა ასევე დაარწმუნა ნეთანიაჰუ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელისთვის საჭირო აღჭურვილობის გაგზავნას, რომელთა შორისაა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა, ტაქტიკური მანქანები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მისიის მხარდაჭერას ყველა მძევლის პოვნისა და გათავისუფლების მიზნით. მე ასევე აქ ვარ იმისთვის, რომ განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ მხარი დავუჭიროთ ისრაელს მდგრადი უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე - და ეს ნიშნავს უპირველეს ყოვლისა გადაუდებელი გამოწვევების მოგვარებას,” - განაცხადა ოსტინმა და მოუწოდა გაიზარდოს დახმარების მიწოდება ღაზაში.