ვიდეოს ნახვის შემდეგ, დეტალებს ვერც ვიხსენებ. უბრალოდ, იმ წუთას რასაც ვფიქრობდი იყო ის, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანამშრომლებს, კოლეგებს ჩემგან უნდა გაეგოთ, - ამის შესახებ მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისივე თქმით, გადატანილზე საუბარი მისთვის ახლაც რთულია. მან ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მასზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ ხმამაღლა ესაუბრა.
„ჯერ არ გადამიტანია, ჯერ კიდევ ამ პროცესში ვარ და სანამ ბოლო წერტილამდე არ მივალ, ალბათ, ჩემი ყოფაც და მდგომარეობაც ასეთი იქნება.
როდესაც მე ეს ვიდეო ვნახე, საკუთარი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, გულშემატკივრისთვის, თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის ეს ამბავი მე უნდა მეთქვა. თუმცა, ისიც ვიცოდი, რომ ამ სტატუსიდან გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებდა. სანამ მათ ოჯახებში მივიდოდა ვიდეო და მათ ტელეფონებში აღმოჩნდებოდა, მანამდე ეს ყველაფერი მე მათ შევატყობინე.
ვიდეოს ნახვიდან შემდეგ რაც ხდებოდა, დეტალებს ვერც ვიხსენებ. მზად ასე არაფრისთვის ვიყავი, არც მოლოდინები მქონდა. უბრალოდ, იმ წუთას რასაც ვფიქრობდი, ჩემგან უნდა გაიგონ“, - აღნიშნა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ვიდეო-ფაბრიკაცია მის ტელეფონში ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოჩნდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. განაცხადა, რომ ვიდეოს ნახვის მომენტში იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა.
მისივე განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, იპოვოს დამნაშავე.
7 დეკემბერს, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ე.წ. ჩათებში ვრცელდება პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია და გეგმავს მიმართოს საგამოძიებო უწყებებს.