“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა, შემდეგ კი, შეცვალეს რიტორიკა.
„ხალხს ატყუებდნენ, რომ სტატუსთან დაკავშირებული იყო ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. არავითარი ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი არ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გარშემო სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, მათ შორის კახა კალაძის განცხადებას, ის უკავშირდებოდა სწორედ ჩვენს საერთო სულისკვეთებას. მხოლოდ ღირსებით გვინდა იმ წარმატების მიღება, რომელსაც ვიმსახურებთ. ღირსების გარეშე არავითარ სტატუსს არავითარი ფასი არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენ ღირსებით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ასეთ ვითარებაში სტატუსს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.